ესპანეთში ბიზნესის წამოწყება და მართვა მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. მეწარმეს უწევს საგადასახადო სამსახურთან (Hacienda) და სოციალური უზრუნველყოფის სისტემასთან (Seguridad Social) ურთიერთობა, კონკურენციასთან გამკლავება და მომხმარებლებზე ზრუნვა. ამას ემატება მარკეტინგის მუდმივი საჭიროება და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, სწრაფი განვითარება.
რას ნიშნავს იყო მეწარმე? როგორ უნდა დაიწყო საქმიანობა სწორად და როგორ მართო ბიზნესი ისე, რომ მან ბაზარზე დამკვიდრება, განვითარება და გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნება შეძლოს?
ესპანეთში ცხოვრების 30-წლიანი გამოცდილების განმავლობაში ჩემს გარშემო ბევრი კომპანია მინახავს, რომელთა დამფუძნებლები და მენეჯერებიც ქართველები იყვნენ. ზოგი მათგანი კონკრეტული მიზნისთვის იქმნებოდა და დროებითი მისია ჰქონდა. თუმცა ხშირად სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა მთავარ ამოცანას — ესპანეთის ბაზარზე ხანგრძლივად და სტაბილურად დამკვიდრებას.
ზოგჯერ ბიზნესის წამოწყებისა და, როგორც თავად მიაჩნდათ, „ჭკვიანურად მართვის“ მიზანი გადასახადებისგან თავის არიდება იყო. სამშობლოში დაბრუნებამდე მიღებული ასეთი დროებითი ზომები მზარდ და სტაბილურ ბიზნესს ვერ ქმნის; მათ მხოლოდ მოკლევადიანი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.
ესპანეთში მცხოვრებ ქართველებს მნიშვნელოვანი რესურსები გვაქვს: ფინანსური შესაძლებლობები, პროფესიული გამოცდილება, შრომისმოყვარეობა და ახალი საქმის წამოწყების მოტივაცია. ამ რესურსების მდგრად ბიზნესად გარდაქმნას სწორი დაგეგმვა, პროცესების თანმიმდევრული მართვა და ისეთი სტრატეგია სჭირდება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს და ესპანეთში მყარად დამკვიდრებაში დაგვეხმარება.
ქართველი ემიგრანტებისთვის ყველაზე ნაცნობი მიმართულებები მშენებლობა და სარესტორნო ბიზნესია. ამ სფეროებში ქართველი მეწარმეები ყოველდღიურად ცდილობენ, ხარისხითა და მომსახურებით კონკურენცია გაუწიონ ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ მსხვილ კომპანიებს, მათ შორის Núñez y Navarro-სა და Grupo Tragaluz-ს.
ალბათ იკითხავთ: რა წვლილის შეტანა შეუძლია ქართულ ბიზნესს ესპანეთის ეკონომიკაში? ჩემი პასუხია — ძალიან მნიშვნელოვანი. ქართველებს გვახასიათებს თავდაუზოგავი შრომა და ერთგულება იმ საქმისადმი, რომელსაც ღირებულად მივიჩნევთ. ამასთან, ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია ესპანეთის კანონმდებლობის ცოდნა და დაცვა, განსაკუთრებით შემოსავლების სწორად დეკლარირებისა და საგადასახადო ორგანოებთან გამჭვირვალე ურთიერთობის კუთხით. როდესაც ამ ვალდებულებებს ვაცნობიერებთ, უფრო მიზანმიმართულად და ორგანიზებულად ვმოქმედებთ.
ასევე მნიშვნელოვანია, ბიზნესს დროებით საქმიანობად არ შევხედოთ. ადამიანი, რომელიც ესპანეთში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობს, აქ ქმნის სოციალურ და პროფესიულ კავშირებს, იძენს გამოცდილებას და აყალიბებს ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას. ასეთ პირობებში ბუნებრივია, რომ ბიზნესიც გრძელვადიან პერსპექტივაზე იყოს გათვლილი.
მსხვილ ესპანურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ორგანიზაციული სტაბილურობის შენარჩუნება. დღეს ამ პრინციპებს ჩვენი GEOLEXIS-ის საქმიანობაშიც ვნერგავთ.
GEOLEXIS დავაფუძნეთ ესპანეთში განათლებამიღებულმა და პროფესიულად ჩამოყალიბებულმა ქართველებმა, მრავალწლიანი ემიგრაციის გამოცდილებაზე დაყრდნობით. კარგად ვიცნობთ ქართველი ემიგრანტების საჭიროებებს, თუმცა ჩვენი მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომია: ვემსახურებით სხვადასხვა ეროვნებისა და საქმიანობის ადამიანებსა და კომპანიებს. ჩვენი მიზანია, მხოლოდ მიმდინარე მოთხოვნებს კი არ ვუპასუხოთ, არამედ მუდმივად განვვითარდეთ, გავძლიერდეთ და ჩვენი კლიენტებისთვის სანდო პროფესიულ პარტნიორად ჩამოვყალიბდეთ.
რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ შეგვიძლია კომპანიის მართვასა და განვითარებაში დახმარება? პირველ რიგში, ვსწავლობთ კონკრეტული ბიზნესის საქმიანობას, ვარკვევთ მის საჭიროებებს და წინასწარ ვავლენთ საკითხებს, რომლებმაც შესაძლოა მომავალში პრობლემები შექმნას. ვეხმარებით საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაში, გაუგებარი ხელშეკრულებების გარკვევასა და პერსონალთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში — მანამდე, სანამ ისინი სერიოზულ კრიზისში გადაიზრდება. ჩვენი გუნდი ყურადღებას აქცევს კომპანიის საქმიანობის სხვა მნიშვნელოვან მხარეებსაც, რათა მისი განვითარება კანონიერად, უსაფრთხოდ და გააზრებული ნაბიჯებით წარიმართოს.
ჩვენი მომსახურების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კლიენტებთან მათთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ — ქართულად, რუსულად, ესპანურად, კატალონიურად და ინგლისურად. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანს ნათლად ესმოდეს, რა სჭირდება, რა ვალდებულებები აქვს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას დროულად. ჩვენ რთულ საკითხებს გასაგებად ვუხსნით და საჭირო პროცესების მართვაში ვეხმარებით.
ბიზნესში ხშირად თანამშრომლობენ სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე პარტნიორები. ასეთ დროს ენობრივმა ბარიერმა შეიძლება კომუნიკაცია გაართულოს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეაფერხოს. GEOLEXIS ეხმარება პარტნიორებს ამ ბარიერის გადალახვაში, ხელს უწყობს მათ შორის კომუნიკაციას და საჭირო პროფესიულ მომსახურებას ერთიანად სთავაზობს.
ჩვენი მრავალენოვანი გუნდი და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძლიერი მხარეა. ენობრივი განსხვავება არ უნდა გახდეს ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი.
ჩემი აზრით, თუ ბიზნესს სწორად დაგეგმავთ და კანონმდებლობის შესაბამისად მართავთ, ესპანეთი ბიზნესის განვითარებისთვის, ინვესტირებისა და ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად კარგ შესაძლებლობებს იძლევა — რა თქმა უნდა, მოქმედი წესებისა და კანონების დაცვით.
ერთ-ერთი მთავარი სირთულე ბიუროკრატიაა: ადმინისტრაციული და სამართლებრივი პროცედურები ხშირად რთული და დროში გაწელილია. სწორედ ამ პროცესების გამარტივებაში ვეხმარებით კლიენტებს. ვმართავთ იმ საკითხებს, რომლებმაც შეიძლება ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა შეაფერხოს და მეწარმეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის დრო შეუმციროს.
ბიზნესპროცესების მართვა გამოცდილებით ვისწავლე — პრაქტიკული მუშაობით, შეცდომებითა და გამოწვევებით, რომლებიც ჩემი პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილებად იქცა. კონკრეტული კლიენტისა და მისი ბიზნესის საჭიროებების გასაცნობად ზოგჯერ გვიწევს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიის დაგეგმვა. გამოცდილება კი გვეხმარება, უფრო სწრაფად ამოვიცნოთ კლიენტის საჭიროებები და სწორად გავიგოთ მისი მიზნები.
უკვე მრავალი წელია, პრაქტიკაში ვიყენებ ცოდნას სამეწარმეო და კომერციული სამართლის — Derecho Mercantil-ის — სფეროში. ეს ის მიმართულებაა, რომელსაც თავიდანვე დავუკავშირე ჩემი პროფესიული გზა და რომლის განვითარებასაც კვლავ ვაგრძელებ.
GEOLEXIS-ში გვჯერა, რომ მდგრადი ბიზნესი იწყება სწორი გადაწყვეტილებებით, გამჭვირვალე მართვითა და დროული პროფესიული მხარდაჭერით. ჩვენ კი მზად ვართ, ამ გზაზე თქვენი მრავალენოვანი და სანდო პარტნიორი ვიყოთ.
ბარსელონას მცირე და საშუალო ბიზნესის საინფორმაციო და სარეკომენდაციო სივრცე
იცოდით, რომ არსებობს სივრცე, რომელიც თქვენს კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე მეტ ცნობადობასა და ხილვადობას შესძენს?
ბოლო წლებში, ესპანეთში ქართველი ემიგრანტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა იმ კომპანიებისა და მეწარმეების რიცხვიც, რომლებიც ესპანეთში, განსაკუთრებით კი კატალონიაში, სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ.
ქართველი მეწარმეების საქმიანობა თავდაპირველად ძირითადად მშენებლობის სფეროში განვითარდა, შემდეგ კი რესტორნების სექტორშიც გაფართოვდა. ბარსელონაში სულ უფრო მეტი ქართული რესტორანი იხსნება და ქართულ სამზარეულოს ადგილობრივ საზოგადოებას აცნობს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბარსელონაში, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქუჩაზე: პასეიგ დე გრასიაზე ახლახანს გახსნილი დიდი ქართული რესტორანი — „Tbilisi Boulevard“.
თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენი ქართული კომპანია საქმიანობს ესპანეთში, არამედ ისიც, რამდენად კარგად არის თითოეული მათგანი ჩართული ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებაში და რამდენად ცნობილია, როგორც სანდო ეკონომიკური პარტნიორი.
ინვესტიციის მოძიება და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ყოველთვის მარტივი არ არის. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს ხშირად სიფრთხილითა და უნდობლობით ეკიდებიან. ამ დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია ნდობის, გამჭვირვალე საქმიანობისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის გზით. ადგილობრივმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი მეწარმეები მხოლოდ საკუთარი ბიზნესის განვითარებით არ არიან დაინტერესებული — მათი საქმიანობა ესპანეთის ეკონომიკასაც აძლიერებს.
ქართულ კომპანიებს სჭირდებათ მეტი ხილვადობა, ცნობადობა და სხვადასხვა სექტორში აქტიური მონაწილეობა. წარმატებული ბიზნესი სრულყოფილად ვერ განვითარდება, თუ ის მხოლოდ საკუთარი საზოგადოების ფარგლებში დარჩება. რატომ არ უნდა იცნობდეს კატალონიელი მომხმარებელი სანდო ქართულ სამშენებლო კომპანიას, არ უნდა სტუმრობდეს ხარისხიან ქართულ რესტორანს ან არ უნდა სარგებლობდეს ქართველი პროფესიონალების მომსახურებით?
ჩვენი წინადადება მარტივია: შევიმუშაოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა და შევქმნათ სივრცე, სადაც ადგილობრივი საზოგადოება გაიცნობს არა მხოლოდ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, არამედ ქართულ ბიზნესსაც — მის შესაძლებლობებს, საქმიანობის სპეციფიკასა და სამუშაო სტილს.
ბარსელონაში ქართველები შესაძლოა მრავალრიცხოვანი არ ვიყოთ, თუმცა ორგანიზებულები ვართ და გვინდა, ჩვენი შრომისა და საქმიანობის შედეგები ჩვენი საზოგადოების ფარგლებს გასცდეს. გვინდა, ქართულმა ბიზნესმა სოციალური ქსელების ვირტუალურ სივრცესაც გადააბიჯოს და ადგილობრივ ეკონომიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიური ადგილი დაიკავოს.
გვჯერა, რომ საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია, როგორც კულტურული თუ ინსტიტუციური კავშირები. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ.