ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებში ბოლო პერიოდში გაჩნდა შიში, რომ რეგულარიზაციის პროცესი შესაძლოა შეჩერდეს ან მნიშვნელოვნად გართულდეს.
ამის მიზეზი გახდა ოპოზიციური ძალების წინააღმდეგობა, განსაკუთრებით PP, Vox და Junts მხრიდან, რომლებმაც მოითხოვეს პროცესის გამკაცრება და დამატებითი პირობების დაწესება.
საჯარო სივრცეში გავრცელდა აქტიური ნარატივი, თითქოს რეგულარიზაციის მექანიზმი ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას და ზრდის საფრთხეებს.
ეს გზავნილები ხშირად წარმოაჩენს პროცესს როგორც საფრთხეს ესპანეთისა და მთლიანად ევროპის საზოგადოებისთვის.
სწორედ ამ აჟიოტაჟმა და მკვეთრმა პოლიტიკურმა განცხადებებმა შექმნა შიში ემიგრანტებში. ბევრმა ადამიანმა ეს აღიქვა ისე, თითქოს რეგულარიზაცია ან საერთოდ ჩაიშლება, ან იმდენად გამკაცრდება, რომ პრაქტიკულად მიუწვდომელი გახდება.
რეალობაში სურათი განსხვავებულია. რეგულარიზაციის პროცესი ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული და არც მისი გაუქმების კონკრეტული ნიშნები ჩანს. მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, მუშაობა გრძელდება.
ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი არის ნასამართლეობის არქონის დადასტურების ფორმა. საუბარია იმაზე, უნდა იყოს თუ არა ყველა შემთხვევაში სავალდებულო ოფიციალური ცნობა წარმოშობის ქვეყნიდან, თუ გარკვეულ სიტუაციებში შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზის გამოყენებაც.
პრაქტიკაში პრობლემა ის არის, რომ ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის მსგავსი დოკუმენტის მიღება ძალიან რთულია. ხშირ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია ბიუროკრატიულ სირთულეებთან ან საკონსულო სერვისების შეზღუდულ ხელმისაწვდომობასთან.
ამ მიზეზით ადრინდელ სამუშაო ვერსიებში განიხილებოდა ვარიანტი, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელი ყოფილიყო დაინტერესებული პირის კერძო საპასუხისმგებლო დეკლარაციის გამოყენება, როგორც დროებითი მექანიზმი.
სწორედ ამ მიდგომამ გამოიწვია ყველაზე დიდი კრიტიკა და დისკუსია.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, აქვთ შესაძლებლობა ნასამართლეობის არარსებობის ცნობა გამოითხოვონ როგორც საკონსულოს, ისე საელჩოს მეშვეობით.
როგორც ადგილზე ვიზიტით გამოცხადებისას, ასევე საფოსტო გზავნილის საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს.
მნიშვნელოვანი საკითხია ასევე სამართლებრივი პროცედურა. არსებული ინფორმაციით, რეგულარიზაცია შესაძლოა განხორციელდეს Real Decreto ფორმატით,
რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღება აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე და არ საჭიროებს პარლამენტის წინასწარ დამტკიცებას იმავე წესით, როგორც ჩვეულებრივი კანონი.
ამ კონტექსტში პარლამენტში არსებული წინააღმდეგობა უფრო პოლიტიკური ზეწოლის ფორმად აღიქმება და არა მექანიზმად, რომელიც პროცესის ავტომატურად შეჩერებას გამოიწვევს.
საერთო სურათი მიუთითებს, რომ მიმდინარე დაპირისპირება დიდწილად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
მკვეთრი განცხადებები და კრიტიკა ხშირად მიმართულია შიდა ამომრჩევლისკენ და ნაკლებად ასახავს პროცესის რეალურ სამართლებრივ მდგომარეობას.
ამ დროისთვის რეგულარიზაციის თემა კვლავ აქტუალურია და სამუშაო პროცესი გრძელდება. პარალელურად განიხილება ტექნიკური საკითხებიც, მათ შორის დოკუმენტების მიღების დამატებითი არხები, როგორიცა:
Seguridad Social-სა და Correos-ში ცოცხალი რიგებით, თუმცა მათი პრაქტიკული განხორციელება ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის.
ამ პირობებში ემიგრანტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არა პანიკა, არამედ რეალისტური მიდგომა. აუცილებელია ქვეყანაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტების შეგროვება, თარიღების სწორად დაფიქსირება და ოფიციალური ინსტრუქციების დაცვა.
რეგულარიზაციის ბედი ამ ეტაპზე არ წყდება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებით. პროცესის საბოლოო ფორმა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტექნიკური და სამართლებრივი დეტალები შეთანხმდება საბოლოოდ.
და კიდევ, ესპანეთის ბიუჯეტს სჭირდება შევსება, რომ მომავალი 20 წელი ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს პენსიების და სუბსიდიების მიღება. ასე რომ, არალეგალი ემიგრანტების რეგულარიზაცია ორმხრივი ინტერესის შედეგია.